ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან
ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალების განცხადებებზე, რომლებმაც საქსტატის მიერ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები გააკრიტიკეს.
„არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არ აღიარებს და ვერ აღიარებს იმ ციფრებს, ფაქტებს, რეალურად რაც ხდება და დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, არამედ მათივე პატრონები ვერ აღიარებენ ამას.
რადგან ჩვენ ვამბობთ „საქსტატს, მე შეგახსენებთ სხვადასხვა კვლევას, ციფრს, რომელიც კონკრეტულ პარამეტრებზე დაყრდნობით ქვეყნდება კვირიდან კვირამდე, თუ თვიდან თვემდე სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტისა თუ კვლევითი ცენტრის მხრიდან, მაგრამ შემდეგ ვხედავთ ისევ და ისევ ბრიუსელიდან და არა მხოლოდ, ისევ და ისევ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის, უკვე გაცვეთილი სახელი და გვარების კომენტარებს და აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს, განცხადებებს ამ ყველაფერთან მიმართებით“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ერთია, რას გვაჩვენებს ციფრები, კერძოდ, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თუ რა პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები ისმის.