ნათია თურნავა: ჩვენი ნებისმიერი პროგრამის, მათ შორის, განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიზანია, დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინშეხვედრა გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება – საკრედიტო-საგარანტიო სქემა განიხილა. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, აღნიშნული სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ დღეებში მთავრობას წარვუდგინოთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლითაც საკრედიტო-საგარანტიო სქემა განახლებული პარამეტრებით შევა ძალაში და, შესაბამისად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისი თქმით, დღეს აღნიშნული სქემის საჭიროება ძალიან მაღალია.
„მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ ორი მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის განახლებული მექანიზმი მოწოდებულია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს.
„დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოოდ, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. განახლებული ფორმატის საკრედიტო-საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს – მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზება, ასევე, მოიზიდონ კაპიტალი თავიანთი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში – ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი – პაპუნა ლეჟავა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს ბანკებთან განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემის დეტალების განხილვის მიზნით.