გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. სასურსათო პაკეტები, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ოზურგეთს გადასცა, 50 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დაურიგდა.
ჯამურად, გურიის რეგიონში, მუნიციპალური ბიუჯეტებით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 2 800 ოჯახს გაეწია.
სასურსათო კალათა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა – ზურაბ ნასარაიამ, პირველმა მოადგილემ – აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერმა – კონსტანტინე შარაშენიძემ და მოადგილე – ირაკლი სირაძემ, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს.
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, დავეხმაროთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, განსაკუთრებით კი – ამ პანდემიის დროს. სოციალურ აქტივობებში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო კერძო კომპანიებს და ბიზნესსექტორს. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.