საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და იტალიაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ პანდემიამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველო-იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, მედიცინის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იტალიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში როგორც ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პარალელურად მნიშვნელოვანია, ასევე, სოლიდარობა ფინანსური თვალსაზრისითაც.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც ორი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრებს შორის, იტალიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.
როგორც საუბრისას აღინიშნა, საჭიროა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა.
მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს და, როგორც სეტჯიო მატარელამ აღნიშნა, 2018 წელს საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.
საქართველოს პრეზიდენტმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. სერჯიომატარელამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა.