ბოლნისში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი ჩაიკეტა
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
ხატისოფლის, ვანათისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. ამათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.