გაერო-ს გენმდივანი: კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით ზოგ ქვეყანაში შესაძლოა, რეპრესიული ზომები გატარდეს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა ადამიანის უფლებათა სფეროში კრიზისი გამოიწვიოს. გუტიერეში მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, მასთან ბრძოლის ფონზე რეპრესიული ზომები არ მიიღონ.

ამის შესახებ გუტიერეშის განცხადებაშია ნათქვამი.

“ზრდადი ეთნონაციონალიზმი, პოპულიზმი, ავტორიტარიზმი და ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული კრიზისი შესაძლოა, გახდეს პანდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით რეპრესიული ზომების მიღების საბაბი. როგორც არასდროს, მთავრობებმა გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება და პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინონ”, – აღნიშნა გენმდივანმა.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, გამოავლინოს სახელმწიფოს მხრიდან მომსახურებების მიწოდების ღრმა ნაკლოვანებები და სტრუქტურული უთანასწორობა, რომელიც მათთან წვდომას აფერხებს.

გუტიერეში ამბობს, რომ მსოფლიოში “სიძულვილის შემცვლელი გამონათქვამების ზრდა” , მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია და მთავრობების მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით მკაცრი ზომების მიღების რისკების ზრდა შეინიშნება.

“უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველა საგანგებო ზომა, საგანგებო მდგომარეობის ჩათვლით, იყოს კანონიერი, თანაზომიერი, აუცილებელი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი, რომ მას კონკრეტული მიმართულება და ვადები გააჩნდეს და იყოს რაც შეიძლება ნაკლებად მკაცრი, რამდენადაც ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის საჭირო”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები