“ჯიბე”: 7-ჯერ ვესტუმრეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს და, ჯამურად, 300-მდე გლეხისგან 77 ტონა პროდუქტი შევიძინეთ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამასთან ერთად, მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ბაზაზე სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა.
„ჯიბე“ აგრო პროდუქციის რეალიზაციას 2019 წლის ნოემბრიდან ეწევა, რისთვისაც უკვე მოწესრიგებულია სამაცივრე მეურნეობები, რამაც საშუალება მისცა, გლეხებისა და ფერმერებისგან ადგილზე შეესყიდა პროდუქტი. ამ ეტაპზე, 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობება არის შესაძლებელი საწყობებში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 აპრილიდან „ჯიბე“ 7-ჯერ ესტუმრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელს და, ჯამურად, 300-მდე გლეხისგან შეიძინა 77 ტონა ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი და სხვა.
“პროდუქტის მობილიზება პირველ ეტაპზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხდება. მომდევნო ეტაპზე, ამ მხრივ, კომპანიის ოპერირების არეალი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში რეგიონებში გაფართოვდება. ამას გარდა, კომპანია „ჯიბე“ უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, მთელს საქართველოს მოიცავს. ცხადია, კომპანიის მხრიდან მოხდება ხარისხის კონტროლი პროდუქციის შესყიდვის დროს და ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
„ჯიბე“ არის ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომლის საქმიანობის სპეციფიკა გულისხმობს პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ საბითუმო საწყობებიდან. კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ბითუმად შესყიდვებსა და გაყიდვებზე, გამომდინარე მისი ეფექტური საოპერაციო სისტემიდან და მინიმალური ფასნამატიდან, ის ხელს უწყობს ბაზარზე საბოლოო მომხმარებლისათვის ფასების მინიმალიზაციასა და ხელმისაწვდომობას.
კომპანიის ბიზნეს კონცეფცია მეწარმე იურიდიული პირების მხარდაჭერასა და მათთვის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში კი გლეხებისა და ფერმერებისაგან კომპანიის სისტემის გავლით პროდუქცია მოხვდება პირდაპირ საცალო და ქსელურ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში.
ამ ეტაპზე დედაქალაქისა და მისი შემოგარენისათვის განისაზღვრა სამი ლოკაცია, სადაც მოხდება აგრო სასურსათო პროდუქციის დასაწყობება და რეალიზაცია. ეს არის ჯიბეს ბაზაზე არსებული სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც განლაგებულია შემდეგ მისამართებზე:
ცენტრალური თბილისისათვის: დიდუბე, ერისთავის ქუჩა N5,
აღმოსავლეთ თბილისისათვის: ორხევი, ახვლედიანის ქუჩა N3
დასავლეთ თბილისისათვის: გლდანი, შეშელიძის ქუჩა N124
აღნიშნული ბაზებიდან მოხდება მხოლოდ საბითუმო გაყიდვების წარმოება.
ჯიბე ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში15 ფილიალით და ეტაპობრივად ხილბოსტნეულის შესყიდვა და რეალიზაცია განხორციელდება მისი ყველა რეგიონალური სასაწყობე ობიექტიდან”, – აღნიშნულია “ჯიბეს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.