პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საკითხი დღეს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ათი წინააღმდეგი წავიდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. გუშინ კი მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვადის გახანგრძლივებას ხელი მოაწერა და შესაბამისი ბრძანება გამოსცა.