სალომე ზურაბიშვილი: შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო, გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები, კერძოდ, მეორადი აფეთქება, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
“შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო, გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები – კერძოდ, მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა, ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდეს, რათა მოსახლეობაზე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შემცირდეს.
“სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან, სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები – კერძოდ, მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა ბრძოლის დასრულებამდე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.