ჩხოროწყუში დანით ორი ადამიანის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს(ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 9-დან 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.