სოზარ სუბარი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იყოს გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნა გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუბარის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი.

“აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ექთნებს უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას პრაქტიკულად, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში.

იცით, რომ მარნეული და ბოლნისი, ორი მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია უკვე დიდი ხანია მკაცრს საკარანტინო ზონად. თუმცა იმის გამო, რომ იქ პერიოდულად გავრცელების პატარ-პატარა კერები იჩენდა თავს, მივიღეთ გადაწყვეტილება და შიგნით გამოვყავით რამდენიმე ადგილი, რომლებსაც აეკრძალათ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა. პირველი ასეთი იყო ქვემო ბოლნისი. ზომებმა მოგვცა შედეგი ის, რომ 6-ზე გაჩერდა და იმის მერე აღარ გაიზარდა ამ სოფელში დაინფიცირებულთა რაოდენობა. შემდეგ იყო სავანეთი, სადაც 5 ადამიანი არის დაინფიცირებული.

ზუსტად რომ იცოდეთ გეოგრაფია, გარდა სავანეთისა და ქვემო ბოლნისისა, დღეს ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი არის გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან და თვითონ რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც გაკეთებულია საზღვარი – შლაგბაუმი. სულ 5 საკონტროლო პუნქტია. ერთმანეთში მიმოსვლა მაქსიმალურად არის შემცირებული. მთლიანობაში მოსახლეობაც ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. პრაქტიკულად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ წუთას ბოლნისსა და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა არის გამოყოფილი და ეს არის კაზრეთი და ბალიჭები.

„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, ოღონდ არა –  დაინფიცირების გამო. ეს არის კაზრეთი და ბალიჭები, ეს გამოვყავით იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და, ინფექციის გავრცელების საფრთხის გამორიცხვის მიზნით, კაზრეთი და ბალიჭები გამოიყო ცალკე ზონად, რომ იქ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები