ჟურნალისტური გამოძიება – პეტერბურგში პენსიონერებს ვადაგასულ პროდუქტებს სჩუქნიან

ძირითადი ქველმოქმედები დამკრძალავი ბიუროს აგენტები, ქალაქის ადმინისტრაცია და რომანოვების სახლია

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა – „ნოვაია გაზეტა“ გამაოგნებელ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. თემა ის ქველმოქმედებაა, რომელსაც პეტერბურგის პენსიონერებისთვის ეწევიან.

„თავიდან სახლში დამირეკეს: მითხრეს, რომ რაღაც ფონდია და ხვალ საკვებს მომიტანდნენ“, – უთხრა „ნოვაიას“ ჟურნალისტს პენსიონერმა გალინა ვიქტოროვნამ –  „გამაფრთხილეს, რომ ბურღულეული და  სხვა რამეებიც იქნებოდა. მეორე დღეს მოვიდა ვიღაც კაცი, დარეკა დომოფონზე და ბინის კართან პარკი დამიტოვა. თან ფოტო გადაუღო“.

 გალინა ვიქტოროვნამ პარკში აღმოაჩინა ფურცელიც, სადაც კალინინსკის რაიონის სოციალური სამსახურების ტელეფონის ნომრები ეწერა. ამას გარდა, პარკში იყო საკვები: რვა ქილა ნივრის სოუსი – Heinz-ი და შვიდი შეკვრა ფაფა Умница, რომელიც ხუთი თვიდან კვებისთვის არის რეკომენდებული. გალინა ვიქტოროვნა 85 წლისაა, მას შეუძლია, მიირთვას ფაფა „უმნიცა“, თუმცა ეჭვი აქვს, რომ შვიდ შეკვრას ვერ მოერევა მაშინაც კი, თუ ნივრის სოუსს მოასხამს. „ჩემს არცერთ ახლობელს ჩვილები არ ჰყავს, რომ ეს ფაფები მივცე“, – ამბობს იგი.

ასეთივე საჩუქრები მიიღეს სხვა პენსიონერებმა მთელს ქალაქში. ზოგან იყო შვიდი ქილა სოუსის მაგივრად რვა ქილა კეტჩუპი, მაგრამ ყველასთან მეორდებოდა საბავშვო ფაფები. „ფაფას არასასიამოვნო სუნი ჰქონდა, გამოყენების ვადა უკვე ეწურებოდა”, -ასე აღწერა კიდევ ერთმა ქალბატონმა იმ საკვების ნაკრები, რომელიც მისმა მეზობელმა მიიღო.

„კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში ქალაქს ბიზნესსტრუქტურები ეხმარებიან, რაც შეეძლოთ, ის შემოგვთავაზეს“, – ასე ახსნეს სიტუაცია კალინინსკის რაიონის ადმინისტრაციაში „იმ ფონდთან, რომელმაც საკვები პროდუქტების ნაკრები შეადგინა, კონტაქტი აქვს საქალაქო ადმინისტრაციის სოციალური პოლიტიკის კომიტეტს. სოცმომსახურების განყოფილებები იღებენ იმას, რასაც ზემდგომი ორგანო გვაწვდის”.

იმ პარკს, რომლითაც პენსიონერები ამანათს იღებენ, შემდეგი ლოგო ამშვენებს-„საკვების ფონდი Русь. რაიონულ ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სწორედ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ქალაქს საჩუქრები მიაწოდა. ამ ფონდის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ხელმძღვანელია „დიდი კნიაზი, გეორგი მიხაილოვიჩი“, იგივე –  რუსეთის საიმპერატორო სახლის მემკვიდრე.

როგორც ჩანს, რადგან მან  ფიცი დადო, რომ  მართლმადიდებლურ რწმენას, რუსეთსა და თავის ხალხს დაიცავს, ახლა, ამ ძნელბედობის ჟამს ქალაქს სოუსები და ფაფები უბოძა. ამ აქციას დიდი კნიაზი საერთო რუსულ სახალხო ფრონტთან ერთად ატარებს. ფონდში ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ რუსეთში საკვების ერთადერთ ბანკს წარმოადგენენ: „რათა მაღაზიებში არ იარონ. ამ საკვებს ხომ ისედაც გადააგდებდნენ. ჩვენ კი გადავარჩინეთ გამოსადეგი საკვები. ყველა საკვები ვადის გასვლამდეა დარიგებული. ვადაა, მინიმუმ, 5 დღე“.

გამოდის, რომ მიმღებებს გაუმართლათ კიდეც – მთელი 5 დღე აქვთ, რომ ეს საკვები მიირთვან.

ასევე, აღმოჩნდა, რომ „ნოვაია გაზეტას“ კითხვებმა და ეჭვებმა დიდი კნიაზის ქვეშევრდომები გაანაწყენა. ისინი ხომ ძალისხმევას არ იშურებდნენ! „ჩვენ უამრავი დადებითი გამოხმაურება გვაქვს, შეგიძლიათ, საიტზე ნახოთ. ამ ფაფების ჭამა მხოლოდ ბავშვებს კი არ შეუძლიათ, პრობლემას ვერ ვხედავ“, – უთხრა „ნოვაიას“ ფონდის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ პროდუქტებს ფონდს დონორები აწვდიან და ხარისხზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი. ამ შემთხვევაში, სოუსების მწარმოებელი კომპანია Heinz-ია. ამ კომპანიაში „ნოვაიას“ არ უპასუხეს კითხვებზე, რომლებიც კონკრეტული პროდუქტების მოხმარების ვადას ეხებოდა, თუმცა დაარწმუნეს, რომ ყველაფერი არის გათვლილი – დარჩენილი უნდა იყოს არანაკლებ სამი თვისა, ნაკლები არა. შემდეგ კი რაც ხდება, ამას უკვე საქველმოქმედო ფონდი განაგებს.

დიდი კნიაზის საიტზე ნათქვამია, რომ ყოველწლიურად „6 ათას ტონა პროდუქტს იღებენ, რაც საშუალებას იძლევა,  ყოველთვიურად, დაახლოებით, 150 ათას ადამიანს დაეხმარონ.“ რატომ შეარჩიეს ამ ტონობით პროდუქტიდან პენსიონერებისთვის გადასაცემად კეტჩუპები და სოუსები, გაუგებარი რჩება.

ამას გარდა, გაირკვა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გამოჩნდა კიდევ ერთი ქველმოქმედი, რომელიც ირწმუნება, რომ მოხუცებს კეტჩუპებით ამარაგებს და არანაკლებ, ვიდრე –  „საკვების ბანკი“. მომღერალი,  დამკრძალავი სფეროს მოღვაწე  და რიტუალური მომსახურების აგენტების კავშირის უფროსი, სტას ბარეცკი ამბობს, რომ სწორედ მისი კავშირის წევრებს „მანქანებით მიაქვთ მოხუცებთან  საკვები-კეტჩუპები და ფაფები“. „ჩვენ ფირმა „ბალტიმორთან“ ვთანამშრომლობთ. მათ აქვთ პროდუქცია, რომელიც დიდად აღარ სჭირდებათ. ფაქტობრივად, კაპიკებში გვაძლევენ. ნივრის სოუსიც ჩვენი თემაა. ბებრები დიდი სიხარულით გვხდებიან. კეტჩუპი და მაიონეზი სასარგებლო პროდუქტებია“, – ამბობს ბარეცკი.

კომპანია „იუნილევერ“-ში, რომელიც „ბალტიმორის“ სოუსებს აწარმოებს, აცხადებენ, რომ არც დამკრძალავი კავშირის წევრებსა და არც ბატონ ბარეცკის არ იცნობენ. პეტერბურგში საერთოდ არ არის ამ სოუსების წარმოება, არც სავაჭრო ქსელი, საწყობი ან მაღაზია არ აქვთ, რომელიც ვინმეს ზედმეტ კეტჩუპებს მიჰყიდიდა. ირკვევა, რომ „ბალტიმორის“ ქარხანა უკვე შვიდი წელია, არ არსებობს – გაკოტრდა. ბარეცკი კი ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, რომ „ბალტიმორის“ სოუსები დააქვს. „პიტერში, კუბინის ქუჩაზე 101 თუ 108 სახლია, იქ არის საწყობი. „ბოჩკებიდან“ ასხამენ სხვადასხვა პროდუქციას ქილებში, აფასოებენ და ქაღალდს აკრავენ. იაფად გვაძლევენ. მიხვალ და ეგრევე მოგცემენ. ყველა დოკუმენტი გვაქვს“, – თქვა ბარეცკიმ, თუმცა ჟურნალისტს ეს დოკუმენტი არ აჩვენა. რა თქმა უნდა, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტმა გაარკვია, რომ კუბინსკის ქუჩაზე არანაირი კეტჩუპების ჩამოსასხმელი საწარმო ან საწყობი არ არსებობს.

სტას ბარეცკიმ ინტერვიუში კიდევ ერთი ნიშანდობლივი და საინტერესო რამ თქვა: „მაცხოვრებლების სიები გვაქვს. ჩვენ ხომ სარიტუალო სფეროში ვართ, ყველაფერი ვიცით. ისიც კი შემიძლია გითხრათ, ვინ და სად არის კორონავირუსით დაავადებული. ინფორმაციას წუთებში ვიღებ. როცა კორონავირუსით კვდებიან, ამასაც მაშინვე ვიგებ“. ბარეცკი არ უარყოფს, რომ ეს მონაცემები მის დამკრძალავ კავშირს აინტერესებს, კეტჩუპების დარიგება კი ერთგვარი კვლევა უფროა. „რა არის ამაში ცუდი? მოხუცებთან მივდივართ, საჩუქრებს ვთავაზობთ და შემდეგ თუ რამეა, სარიტუალო მომსახურებისთვის ჩვენ მოგვმართავენ. სულ ეს არის მთელი ბიზნესი“.

https://novayagazeta.ru/articles/2020/04/13/84870-negodniki

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები