პროგრამის “თიბისი შენთვის” ფარგლებში, ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ
“თიბისი” განაგრძობს მოქალაქეების და ბიზნესების მხარდაჭერასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას. პროგრამის – #თიბისიშენთვის მორიგი ინიციატივის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ხანდაზმული დახმარებას მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია.
“თიბისი” ბენეფიციარებს დახმარებას ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუწევს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი – “კათარზისი”, საქველმოქმედო ფონდი – „საქართველოს კარიტასი”, საზოგადოება – „საქართველოს წითელი ჯვარი” – საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 14 მსხვილ და მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდებათ.
„ქვეყანაში არსებული გამოწვევის დასაძლევად, თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საბანკო შეღავათები შევთავაზეთ; ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ საბანკო მომსახურება სრულიად უსაფრთხოდ, დისტანციურად მიიღონ; სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჭირო ტექნიკით ვამარაგებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა სწავლის ონლაინ პროცესთან; ვცდილობთ ვიზრუნოთ ყველაზე ცხელ წერტილებში დასაქმებულ პერსონალზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ადამინათა ჯგუფი, რომლისთვისაც ახალ რეალობასთან ადაპტირება ყველაზე რთულია. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს დღეს ხანდაზმულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი პროდუქციით და ხელის შეწყობა, რომ გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. ხანდაზმულებისთვის მხარდაჭერა პროგრამის – #თიბისიშენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია. იგეგმება კიდევ უფრო მეტ ფონდთან პარტნიორობა იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.” -განაცხადა “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოციალური დახმარების ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე კეთდება.’
R