„დედაენის დღესთან“ დაკავშირებით „კავკასიური სახლი“ ონლაინდისკუსიას გამართავს

14 აპრილს, 19 საათზე, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, „კავკასიური სახლის“ ფეისბუქგვერდზე ონლაინდისკუსია გაიმართება.
1978 წლის 14 აპრილს ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ. ოფიციალურ მოსკოვს სურდა, რომ ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსი გაეუქმებინა. საერთო ეროვნულმა წინააღდეგობამ მიზანს მიაღწია, ცენტრალურმა კომიტეტმა უკან დაიხია და კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის შენარჩუნებას დათანხმდა. 1978 წლის შემდეგ 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დისკუსია საუბარი შეეხება იმ მთავარ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქართული ენა დღეს. გლობალიზაციისა და სწრაფგანვითარებადი ტექნოლოგიური ცივილიზაციის ხანა განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის ენებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ძნელი წარმოსადგენია კაცობრიობის ისტორიაში ისეთი პერიოდის გახსენება, რომლის დროსაც უცხოეთში წარმოებულ მატერიალურ და არამატერიალურ პროდუქციას ამხელა გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეულ დარგზე. გლობალური მოვლენები, რასაკვირველია, განსაკუთრებით ზემოქმედებენ მეტყველების კულტურაზე.
იმისათვის, რომ ენამ არ დაკარგოს ცხოველმყოფელი ხასიათი და შეძლოს ადამიანის მოღვაწეობის სრულყოფილად გამოხატვა, აუცილებელი ხდება ინტენსიური მუშაობა შესაბამისი ლექსიკური ერთეულების შესაქმნელად, დასახვეწად, განსავითარებლად. ამ პროცესის ორგანიზებისთვის კი აუცილებელია სახელმწიფოს თანამიმდევრული პოლიტიკა.

როგორია ქართული სალიტერატურო ენის თანამედროვე მდგომარეობა და რა პოლიტიკას მისდევს სახელმწიფო აღნიშნული მიმართულებით? – საკითხზე ისაუბრებს აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული.
ენაში მიმდინარე ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმნის პროცესში. ლიტერატურა არა მხოლოდ ასახავს მიმდინარე ცვლილებებს, არამედ განსაზღვრავს ენის განვითარების მიმართულებას. თარგმნასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევების შესახებ გვესაუბრება პოეტი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.
ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება ქართული ენის სწავლება არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაულახავი სირთულეების შესახებ თავის შეხედულებებს გაგვიზიარებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მეორე ენის სწავლებისა და მულტილინგვური განათლების ექსპერტი, პროფესორი კახა გაბუნია.
დისკუსიას გაუძღვება პროექტ „კულტურის კალენდრის“ კოორდინატორი მარიკა ტყეშელაშვილი. მოდერატორი ყურადღების მიღმა არ დატოვებს დისკუსიის ბმულზე კომენტარების საშუალებით გამოგზავნილ  კითხვებს.
14 აპრილს, 19 საათზე,  „კავკასიური სახლის“ ოფიციალური გვერდის პირდაპირი ეთერით დაგეგმილი საჯარო
დისკუსია გადაიცემა ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/caucasianhouse.ge/)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები