ესპანეთში შეზღუდვები შესუსტდა – დღეიდან მუშაობას იწყებენ საწარმოები, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არ მიეკუთვნებიან
ესპანეთში დღეიდან მუშაობას ის საწარმოები უბრუნდებიან, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არ მიეკუთვნებიან, კერძოდ, მრეწველობისა და მშენებლობის სფეროს საწარმოები.
ქვეყანაში 30 მარტიდან ყველა ის საწარმო იყო დახურული, რომელიც საბაზისო მოთხოვნილებებს არ უკავშირდებოდა.
ამასთანავე, ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვა გრძელდება, მაგრამ იმ მოცულობით, რომელიც 14 მარტს დაწესდა: დახურულად რჩება სკოლები, რესტორნები და ბარები, სპორტული და კულტურული დაწესებულებები.
შეზღუდვების პირველი შესუსტების ფონზე, უსაფრთხოების დამატებითი ზომებიც დაწესდა, კერძოდ, პოლიცია 10 მლნ სამედიცინო ნიღაბს იმ პირებს დაურიგებს, რომლებიც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ.
ასევე, გამოქვეყნდება ე.წ. უსაფრთხოების პროტოკოლი იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მუშაობას აღადგენენ.
გარდა სტანდარტული მოთხოვნისა, რომ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ, თუმცა ვინც უშუალოდ სამუშაო ადგილს დაუბრუნდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ორ მეტრიანი დისტანცია; პირბადეების ტარებაა აუცილებელი; ადამიანებს ურჩევენ იმ ნივთების დეზინფიცირებას, რომლებიც მათ სახლიდან მოაქვთ, კერძოდ, სათვალეებისა და მობილური ტელეფონების.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ქვეყანაში არ არსებობის ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, არის თუ არა შესუსტება ნაადრევი.
როგორც ეპიდემიოლოგმა, ტონი ტრილიომ აღნიშნა, კარანტინის შემოღების შემდეგ ქალაქებში ადამიანების აქტივობა 70%-ით შემცირდა, მკაცრი კარანტინის შემდეგ კიდევ 10%-ით, “ახლა კი აქტივობა შესაძლოა, ისევ გაიზარდოს 10%-ით, ასევე ცოტათი გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მოსახლეობის 70% ისევ სახლში დარჩება”.
დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს ეპიდემიოლოგ ჟოან რამონ ვილალვის, რომელიც აღნიშნავს – “მკაცრი კარანტინიდან შედარებით სუსტზე გადასვლა რისკია, მაგრამ – უმნიშვნელო”.
ზოგიერთი სხვა ექსპერტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაადრევია.
“ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რამდენი ადამიანია ქვეყანაში ინფიცირებული, რამდენია ვირუსის უსიმპტომო მატარებელი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გვქონდეს აფეთქება”, – აღნიშნა სამედიცინო პროფკავშირების კონფედერაციის წევრმა, მარია ხოსე კამპილიომ.
ესპანეთში კორონავირუსის 166 831 შემთხვევაა, ვირუსს 17 209 პაციენტი ემსხვერპლა.