9 აპრილიდან „ნოვიჩოკამდე“
ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის, თბილისიდან. 6 თვის ორსული, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი იყო… მისი მამა იხსენებს: „იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ახლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: – რას შვრები, მე ფეხმძიმედ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს: – Ещё лучще!
31 წელი გავიდა იმ დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია კარდინალურად შეცვალა. 31 წელი გავიდა იმ დღიდან, რომელიც 15 წლის ეკა ბეჟანიშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა ისევე, როგორც იმ 20 ადამიანისთვის, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსულ ჩექმას ემსხვერპლნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს 2000-ამდე ადამიანი. საბჭოთა რეჟიმმა მომხდარში მომიტინგეები დაადანაშაულა.
ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განვიხილავთ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს ტრაგიკულ მოვლენებს ადგილი ჰქონდა საბჭოთა სხვა ქვეყნებშიც. ყველა იმ საბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც გათავისუფლების, დამოუკიდებლობის სურვილი ან ბრაზი ჩნდებოდა-ყველგან კლავდნენ პატარა გოგო-ბიჭებს, თელავდნენ ყველა ასაკის ადამიანებს, რადგან იქაც უმალვე ჩნდებოდა რუსული ტანკი და რუსული ტყვია. საბჭოთა ძალადობრივმა სისტემამ ასევე გადათელა ადამიანები აზერბაიჯანში, ლიტვაში, უნგრეთში, პოლონეთსა და მაშინდელ ჩეხოსლოვაკეთში. ამ ქვეყნებშიც ბევრჯერ გაისმა რუსული – Ещё лучще!
უნგრეთის აჯანყება-1956
ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ უნგრეთის აჯანყება 1956 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და საბჭოთა ჯარების მიერ მთლიანად იქნა ჩახშობილი ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. ბუდაპეშტში 24 ოქტომბერს 6 ათასამდე რუსი სახმედრო, 290 ტანკი, 120 ბტრ-ი, 156 ტყვიამფრქვევი შეიყვანეს. ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგზე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც შენობის ზედა სართულებიდან გაისროლეს, დაიღუპა საბჭოთა ოფიცერი და დაიწვა ტანკი. საბჭოთა სამხედროებმა მანიფესტანტების მიმართ ცეცხლი გახსნეს. შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა და 284 დაიჭრა. ისტორიკოსები თვლიან, რომ სროლის პროვოცირება საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოახდინეს. საბოლოოდ, უნგრელების აჯანყების ჩახშობა 4 ნოემბრამდე გაგრძელდა. უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი იმრე ნადი შეპყრობის შემდეგ დახვრიტეს, ხოლო 20 ათასამდე უნგრელი რეპრესიებისა და ბრძლების შედეგად დაიღუპა. უნგრეთის რესპუბლიკა 23 ოქტომბერს „ეროვნულ და გათავისუფლებისთვის ბრძოლის დღეს“ აღნიშნავს. უნგრეთის აჯანყება ცივი ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირი მზადაა ძალისმიერი მეთოდებითაც შეინარჩუნოს ძალაუფლება.
„პოზნანის ივნისი“-1956
პოლონეთის ქალაქ პოზნანში 1956 წელს მასშტაბური აჯანყება დაიწყო. ეს აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ სოციალისტურ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო მღელვარება იყო. ქალაქის ქუჩებში 100 ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი ყვიროდნენ – „პური!“, „თავისუფლება“, „ღმერთი“, „ძირს კომუნიზმი!“; ივნისის ქუჩის დემონსტრაციები ჯარისა და პოლიციის ძალების მიერ იარაღით იქნა ჩახშობილი. ამ დროს სხვადასხვა მონაცემებით 74 ადამიანამდე დაიღუპა, 500 დაიჭრა. დაღუპულებს შორის 13 წლის რომეკ სტშალკოსვკი იყო.
პრაღის გაზაფხული-1968
1968 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ალექსანდერ დუბჩეკმა ეკონომიკური რეფორმების გატარება, ცენზურის შემცირება და ქვეყანაში „ადამიანური სახის სოციალიზმის“ დამყარება დაიწყო. ცვლილებებს საბჭოთა კავშირმა ამავე წლის 21 აგვისტოს უპასუხა-ქვეყანაში 500 ათასამდე ჯარისკაცი, 1 ათასი ტანკი და ასობით თვითმფრინავი გააგზავნა. ყველაზე გახმაურებული ბრძოლა პრაღის ცენტრში, ჩეხოსლოვაკიის რადიოს ცენტრალურ ოფისთან გაიმართა. შეტაკებისას 15 ადამიანი დაიღუპა, როცა მოქალაქეებმა ცენტრალური რადიოს ოფისში რუსი ჯარისკაცების შესვლა არ დაუშვეს. მთლიანობაში, სხვადასხვა წყაროთი, ოპერაცია „დუნაის“ სახელით ცნობილი ამ საბჭოთა ინტერვენციის შედეგად 137-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ვილნიუსის მოვლენები-1991
1991 წლის 11 იანვრიდან 13 იანვრამდე საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ლიტვის მთავრობის არაკანონიერად დამხობის მცდელობა მოხდა. პარლამენტის შენობისა და ვილნიუსის ტელეანძის დაცვის დროს დაიღუპა 14 შეუიარაღებელი მშვიდობიანი დემონსტრანტი და 702 დაიჭრა. ლორეტა ასანავიჩუტეს ტანკმა გადაუარა, თუმცა დღემდე რუსული დეზინფორმაციული მანქანა ამის უარყოფას ცდილობს. იანვრის მოვლენების შედეგად მოხდა ლიტვის სახელმწიფოებრიობის საბოლოო აღდგენა.1991 წლის 9 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ლიტვის სრულ და აბსოლუტურ დამოუკიდებლობას მონაწილეთა 90,47%-მა დაუჭირა მხარი.
შავი იანვარი ბაქოში-1990
შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა — 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელ მომიტინგეთა დარბევა საბჭოთა არმიის მიერ. ამ ტერორის შედეგად, ბაქოს ქუჩებში 170 ადამიანი დაიღუპა. იქ ტანკებით გადათელეს ქალები, არასრულწლოვნები… იქაც არაერთი რუსი ტანკისტი ეუბნებოდა პატარა გოგოებს – Ещё лучще!;
და ეს არასრული ჩამონათვალია იმ სასტიკი დანაშაულებებისა, რომლებიც საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანების წინააღმდეგ კრემლმა ჩაიდინა. ბუნებრივია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ადამიანების პროტესტის გამოხატვას თუ მასობრივ შეკრებას სხვადასხვა მოტივი ჰქონდა, მაგრამ ის რაც ამ ტრაგედიებს აერთიანებს, არის ერთი დიდი ადამიანური ტკივილი და ერთ კონტექსტში განსახილველი. ტერორით შექმნილი სისტემა ტერორითვე ცდილობდა ყველანაირი წინააღმდეგობის ჩახშობას, არასოდეს ერიდებოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას.
დღესაც კი, კრემლში მსხდომი ამ ტოტალიტარული სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეები იმავე მეთოდებს და მმართველობის სტილს აღმერთებენ. მათთვის ეკა ბეჟანიშვილის ან რომეკ სტშალკოსვკის სიცოცხლეს არანაირი ღირებულება აქვს. ისინი დღესაც იყენებენ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ადამიანების მოსაკლავად – ახლა უკვე ევროპის ქალაქებში.
სოფიკო ჩუბინიძე