ირაკლი ჩიქოვანი: სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტი სავალდებულოა ობიექტებისთვის, რომელთაც ფუნქციონირების გაგრძელება სურთ
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ სპეციალური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც სავალდებულოა ყველა ობიექტისთვის, რომელსაც სურს, გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს საკუთარი სერვისები”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანი სხვა საკითხებთან ერთად აგრარული ბაზრების დაკეტვის თემასაც შეეხო.
„გუშინ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა აგრარული ბაზრებისა და ბაზრების ფუნქციონირებას. პრაქტიკულად, ყველა აგრარული ბაზარი იქნა დაკეტილი, თუმცა გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანლის მიერ სპეციალური რეგლამენტი, სპეციალური პროტოკოლი დამტკიცდა, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელსაც სურს, გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს საკუთარი სერვისები. ეს პროცესიც მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და კონკრეტული აგრარული ბაზრების ადმინისტრაციასთან ერთად. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა ზომა იყოს დაცული, რათა უზრუნველყოფილ იყოს უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემცირდეს, აღმოიფხვრას იყოს ყველა შესაძლებლობა „კოვიდ 19-ის“ გავრცელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.