ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ერთი წლით, 2027 წლის 28 მაისამდე, გააგრძელოს შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და ხელყოფაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაზე“.

რეგულაცია ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ევროკავშირი დამნაშავედ მიიჩნევს „დემოკრატიული ოპოზიციის დევნასა და რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაში“.

საბჭოს შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ეს შემზღუდავი ზომები ამჟამად 72 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირზე ვრცელდება.

ევროკავშირის სანქციების რეჟიმში შემავალი ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივები გაყინვას ექვემდებარება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური დახმარების გაწევა ეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს ევროკავშირში მოგზაურობა ან ტრანზიტიც ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები