საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესტიაში დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესტიის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ეროვნული დღესასწაული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და მესტიის მერიის წარმომადგენელმა, ლევან კიკვიძემ მიულოცეს.
„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მოინახულა თემატური საგამოფენო სივრცეები და გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰო“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა შემსრულებლებმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
