თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ფოთელებს და მთლიანად საქართველოს 26 მაისი მიულოცა.

„ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღეს მქონდა პატივი, 26 მაისი აღმენიშნა ფოთელებთან და საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ეს სიმბოლურია, რადგან ფოთის ისტორია განუყოფელია საქართველოს სახელოვან საზღვაო წარსულთან. ამავე დროს, ფოთის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი საქართველოს თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიის განვითარებაზე. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ცნობით, ფოთის ცენტრში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიერ მოეწყო სივრცე, სადაც ზღვა, თავისუფლება და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა ერთ კონცეფციად გაერთიანდა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საზღვაო სამყაროს სიმბოლოები და პროფესიები ინტერაქტიულად აღმოეჩინათ სხვადასხვა საზღვაო შემეცნებით სივრცესა თუ თამაშებში.

„მცირეწლოვან ფოთელებს განსაკუთრებით მოეწონათ თამაში „უსაფრთხო ნავიგაცია“, ასევე ფოტოზონა „მე პატარა მეზღვაური ვარ“. მუდამ ხალხმრავლობა იყო აფრიანი ნავის მახლობლად, რომელიც მოთავსებული იყო ზღვის იმიტაციის პლატფორმაზე, აგრეთვე ე.წ. სომულატორის ზონაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ეცადათ გემის მართვა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტებმა სტუმრებს საზღვაო სფეროს მრავალფეროვანი შესაძლებლობები გააცნეს, ხოლო ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტთა მუსიკალურმა ბენდმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სიმბოლურ დროს, 17:10 საათზე, ქვეყნის სხვა ქალაქებთან ერთად, ფოთშიც საქართველოს ეროვნული ჰიმნი ცოცხალი შესრულებით შესრულდა“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები