გოგა ხაინდრავა: მოვუწოდებ ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა დამთავრდეს

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ციხის ბუნტთან დაკავშირებით არის „ნაციონალური მოძრაობის“ განაჩენი.

ხაინდრავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვლელების ორგანიზაცია, საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია და მოუწოდებს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა დამთავრდეს.

„ეს განაჩენი პირველად დადგა გირგვლიანის საქმეზე, შემდეგ –  ვაზაგაშვილის საქმეზე, რობაქიძის საქმე, შემდეგ ავჭალის საქმე და დღეს ციხის ბუნტი. ეს არის მკვლელების ორგანიზაცია. არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა დამთავრდეს. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი ევრო რუსული ორგანიზაციის, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, რადგან ბოკერია იყო ამ ყველა საქმის შემოქმედი და იდეოლოგი. მე ეს კარგად ვიცი, რადგან იმ დროს მთავრობის წევრი ვიყავი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ციხის ბუნტის დროს, როდესაც შვიდი კაცი იყო მოკლული, 22 კაცი მძიმედ დაჭრილი და უამრავი დასახიჩრებული, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას კაბინეტში, მითითებებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილი.

ამის საფუძველი არის არაერთი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებაც. მე არ მინდა ამ პანდემიის და გაჭირვების ფონზე ჩაიმალოს ეს საკითხი. ბუნებრივია, რომ ამას არ მოვეშვებით. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში არაერთი დანაშაულია ჩადენილი, პირველ რიგში არის ის, რომ ბუნტი რომ დამთავრდა მხოლოდ მას შემდეგ არიან ის ადამიანები მოკლული. კარები ჰქონდათ პატიმრებს დაკეტილი და ე.წ. კანოშკებში შეყოფილი ავტომატებიდან ისროდნენ და საკნებში კლავდნენ, ჭრიდნენ ხალხს. მერე ეს დაჭრილი, დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები გადაიყვანეს მეექვსე იზოლატორში, რომელიც არ იყო გამართული იმ დროისთვის და არანაირი პირობები პატიმრების მოვლის არ იყო. კიდევ ერთი დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს იყო, ისინი და მათი რუპორები ტელედოვერსანტები მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობით ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ უდანაშაულო ადამიანებისთვის და შეექმნათ სურათი, თითქოს იქ რაღაცას ძალადობას ჰქონდა სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ და ამის გამო მოხდა ის რაც მოხდა. ეს ყველაფერი დღეს გარკვეულია და მინდა, მივმართო ხელისუფლებას, ქართულ მართლმსაჯულებას, რომ ამის საფუძველზე დაიწყოს ძალიან სერიოზული გამოძიება ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე ახალაიას ამის გამო მიუსაჯეს სასჯელი, ეს სასჯელი მისჯილი იყო ძალის გადამეტებაზე, ამ დროს აქ არის წინასწარი განზრახვით ადამიანების მოკვდინება და არა ძალის გადამეტება, არამედ მკვლელობა. გარდა ამისა, რამდენადაც მე ვიცი არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს და არც ბოკერიას ამ საკითხზე არანაირი ბრალი წაყენებული არ აქვს, თუმცა ისინი, როგორც სააკაშვილი იყვნენ ძირითადი მოქმედი ფიგურები ამ ვანდალიზმში, რაც მათ ჩაიდინეს 2006 წლის მარტში. რაც შეეხება კომპენსაციას, დღეს სახელმწიფო იხდის ფულს იმ დანაშაულში, რაც ბოკერიას აქვს ჩადენილი, 2006 წელს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყნის ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიცია არ გააჩნია და ეს როგორც არასდროს ნათელი გახდა ამ საერთო განსაცდელის ჟამს, როდესაც ყველა ხედავს შიზოვფრენიაში გადასული ადამიანების განცხადებებს.

„თუ ვინმესთვის სწრაფი ტესტირება აქვს ჩასატარებელი, პირველ რიგში ეს ვაშაძისთვის არის ჩასატარებელი მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ერთ ვაშაძეს აჩემებული აქვს სწრაფი ტესტები და მეორეს აჩემებული აქვს უკრაინული ავიაკომპანია, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია და რომელიც თაღლითობაშია შემჩნეული, იმის გაცოცხლება. ამის უკან რა დგას, ეგეც ძალიან საინტერესოა. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მთავარ დამნაშავეზე, რომელიც ემალება ქართულ მართლმსაჯულებას უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები