თეა წულუკიანი: საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს

„საქართველოში აღარ იარსებებს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რატომ გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან მსჯავდებულები რუსთავში.
„მატროსოვის ე.წ. ციხე, ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულება, მისი შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამას, პირველ ყოვლისა, ალბათ, თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც – ადვოკატის სტატუსით შესული.
ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის. სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე, რუსთავში, ნომერ მეთორმეტე და ნომერ მეთექვსემეტე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი შედარებაც კი არ შეიძლება ნომერ მეცხრე დაწესებულებასთან შედარებით.
გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებულის თუ მსჯავდებულის, ვინც ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იმყოფებოდა. ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში და გამოცემულია მარტის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნომერ მეცხრე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მომავალში ეს დაწესებულება ნომერ მეთორმეტე დაწესებულებას შეუერთდება.
„საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოფილი საჯარო მოხელე  თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინისა და რა რანგის მოხელეც უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება პირველი მაისიდან უკვე აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, რომლის ნაწილის ყოფილი მატროსოვის ციხეც გახდება პირველი მაისიდან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები