„ჩემი გენიალური მამა 87 წლის იქნებოდა დღეს“
„ჩემი გენიალური მამა 87 წლის იქნებოდა დღეს“, – ქართველი პოეტის, ზაურ ბოლქვაძის დაბადების დღეს ეხმაურება ფეისბუქის გვერდზე მისი შვილი – პიანისტი, იუნესკოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელისო ბოლქვაძე. იგი ფოტოებსაც აქვეყნებს.
ზაურ ემელიანეს ძე ბოლქვაძე დაიბადა 1933 წლის 2 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუთურში. გარდაიცვალა 2010 წლის 23 დეკემბერს.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის განყოფილება. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ — 1961 წელს.
ზაურ ბოლქვაძე რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „ლექსები“ (1964, 1968, 1972, რუსულ ენაზე 1971), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა.
ზაურ ბოლქვაძის ცალკეული ლექსები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, გერმანულ, პოლონურ და ბერძნულ ენებზე. თარგმნა ნ. ტიხონოვის, ა. ტვარდოვსკის, ბ. ახმადულინას, ილ კუპალას, ე. ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები.