კულტურული აქტივობები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს – ონლაინსპექტაკლები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვა საინტერესო აქტივობები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინსპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
დაინტერესებულ საზოგადოებას ვირტუალურ გამოფენებს, საინტერესო აღმოჩენებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს მუზეუმებიც გაუზიარებენ: ეროვნული მუზეუმის სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექციები, საარქივო მასალები, სტატიები და ონლაინ ლექციები კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის შესახებ. ასევე, ვირტუალური ტურები კურატორების მონაწილეობით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები, ვირტუალურად დაათვალიეროს მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, ასევე მეფის სასახლე-მემორიალის დარბაზები და სხვა.
ონლაინრეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას მწერალთა სახლის ლიტერატურული სახელოსნოც, რომლის პედაგოგი დათო გაბუნია უფროსკლასელთათვის ლექციებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე „ზუმის“ ონლაინპლატფორმის საშუალებით ატარებს.
გარდა ამისა, გრძელდება პროექტი „ბავშვები მწერალთა სახლში“, რომელსაც საბავშვო ავტორი ვასო გულეური უძღვება და კვირაში სამჯერ პატარებს ლექსებსა და სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებს თუ ზღაპრებს ონლაინ უკითხავს.
ასევე, საზოგადოებას ეროვნული კინოცენტრი ონლაინკინოჩვენებების ფორმატში ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენებებს სთავაზობს: „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში, „მოირა” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, „ნეტავ იქ თეატრი არის?!” – რეჟისორი ნანა ჯანელიძე და სხვა.
მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინაქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ განთავსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურის ორგანიზაციების სოციალურ ქსელში.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.