ნათია თურნავა: ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე

„მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურსთაშორისი სხვაობის ზეგავლენას ეხებოდა ეკონომიკურ პროცესებზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა დაიწყო იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შერბილებულიყო მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას.

„მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით. ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისის ზემოქმედება. იცით, რომ ამას ვაკეთებთ და, მიუხედავად იმისა, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, რადგან გლობალური პროცესების გამო ტურიზმი შეწყვეტილია, ექსპორტი გართულებულია და ამას წინ ვერ აღვუდგებოდით, მაინც მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასურსათო კალათზე”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, შემდგომში იგივე მიდგომა იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტულ აღმშენებლობასა და პროექტებს, რომლებიც არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთაშორისი სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე და სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე”, – აღნიშნა თურნავამ

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის კრიზისული საგანგებო ვითარების რესურსი და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

ნათია თურნავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტებიც, მეტწილად, გარკვეული რეზერვების ამოქმედების საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები