ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირების მიზეზით, ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
“ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციებისა და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას მოითხოვენ.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკატერინე ადამიას განცხადებით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა სისხლის მარაგებთანაა დაკავშირებული.
„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა გვაქვს სისხლის მარაგებთან დაკავშირებითაც. ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა ამ პროცესთან ერთად დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად, ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში ნელ-ნელა იკლებს და შეიძლება, დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.
“ჯანდაცვის სამინისტრო სხვა საჯარო დაწესებულებებს მსგავსი აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავს. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე”,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.