გიორგი გახარია: ამ პირობებისა და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს – ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ, დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში.
„მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ამ პირობებისა და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს – ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა გითხრათ, რომ თქვენც, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ნომრით – 144 იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ, დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას, დაიწყება ხვალ 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.