135-ჯერ დანის დარტყმა და კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი

30 იანვარს, საფრანგეთის ჩრდილოეთში-ქალაქ ლილში, 44 წლის მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც ევროპული მედია წერს, მას გულმკერდის არეში 135-ჯერ დაარტყეს დანა… მსხვერპლი, 8 შვილის მამა, დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი იყო.
იმრან ალიევი, რომელიც „მანსურ ძველის“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი, სასტუმროს ნომერში მკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ იპოვა. სავარაუდო მკვლელი არ დაუკავებიათ, ბოლო ცნობებით, მან ევროპის დატოვება და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო. როგორც ჩეჩნურ დიასპორაში ამბობენ, ალიევს ბელგიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი ჰქონდა, ის საფრანგეთში ტერიტორიაზე მოტყუებით წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ევროპულ მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ეს მკვლელობა შეკვეთილი  და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ „მანსურ ძველი“ წლებია ჩეჩნეთის ლიდერს – რამზან კადიროვს შეუპოვრად აკრიტიკებდა. ბლოგერი საკმაოდ არაერთგვაროვანი პერსონა იყო, იყენებდა არანორმატიულ ლექსიკასაც და წინააღმდეგობრივი გამოსვლებიც ჰქონდა.
ცნობილია, რომ მკვლელი საკმაოდ ღიად მოქმედებდა. ევროპის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ ამ მკვლელობის და შარშან, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას შორის კავშირი ნათელია. როგორც ცნობილია, ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს დანაშაული სახელმწიფო დონეზე იყო ორგანიზებული. „მანსურ ძველის“ სასტიკი მკვლელობის საქმეზე ინტერნეტ გამოცემა „Эхо Кавказа” ადვოკატ ასლან არცუევს ესაუბრა, რომელიც იმრან ალიევს ახლოს იცნობდა.
ასლან არცუევი: „ცნობილია, რომ იმრან ალიევს დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც YouTube-ზე მისი არხის გამომწერი იყო და მის თანამოაზრედ გაასაღა თავი. იმრანს უამბო, რომ კუჭის კიბო ჰქონდა და ევროპაში ჩასვლას აპირებდა. როდესაც ევროპაში ჩავიდა, დაუკავშირდა მინკაილ მალიზაევს  (კრემლის და ჩეჩნეთში პრორუსული მმართველობის კრიტიკით ცნობილი ადამიანი). როგორც მალიზაევის საუბრიდან გავიგე, იმ ადამიანმა სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე ვიზა მიიღო და ამბობდა , რომ კიბოს მძიმე ფორმა ჰქონდა. თავდაპირველად ესპანეთში ჩავიდა, შემდეგ ბერლინში და იქიდან კი ბელგიაში – იმრანთან. მასთან დაახლოებით ერთი კვირა იყო. მთელი ის დრო, რაც ვიზის ასაღებად დასჭირდა, თვითმფრინავში და სხვაგანაც, ყველას უყვებოდა ტრაგიკულ ისტორიას თავისი ავადმყოფობის შესახებ. აი, ასე მიაღწია იმრან ალიევამდე.“
ასლან არცუევისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიმართა ვითომ მძიმე ავადმყოფმა პირმა მაინც და მაინც იმრან ალიევს, მას ხომ არ ჰქონია არანაირი კავშირი სამედიცინო დაწესებულებებთან, ფონდებთან. ადვოკატი ასლან არცუევი დასძენს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდებოდა ყურადღების გადატანა იმ დიდი ჩავადრნიდან, რომელიც ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დროს მოხდა და სურდა, ევროპაში დაგეგმილი მკვლელობები მხოლოდ „შიდა ჩეჩნურ გარჩევებათ“ წარმოედგინა.
იგივეს ფიქრობს ნორვეგიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „Human Rights Analysis Center“  ხელმძღვანელი ახმედ გისაევი. ის ამბობს, რომ ხანგოშვილისა და ალიევის მკვლელობებს  ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური სარჩული გააჩნიათ. მიზანი ერთია-ტერორი და დაშინება!„ხანგოშვილის მკვლელობის გაგრძელებას სწორედ რომ იმრან ალიევის შემთხვევაშიც ვხედავ. ეს ჩემთვის ნათელია, რადგან ხანგოშვილის მკვლელობაში აშკარა ჩავარდნა იყო, სწორედ ამ ჩავარდნის გამო რუსულ სპეცმსასახურებს სჭირდებოდათ კრიმინალური ფოკუსის ჩატარება, რომ ეჩვენებინათ-ვითომ ის, რაც ჩეჩნებს ემართებათ, ყველაფერს აქვს ვიწროდ შიდა ჩეჩნური მოტივი.“
აღსანიშნავია, რომ ახმედ გისაევი, 2009 წელს გროზნოში მოკლული ჟურნალისტის და ადამიანის უფლებების დამცველის-ნატალია ესტემიროვას კოლეგა და თანამოაზრე იყო. ესტემიროვა ადამიანის უფლებათა ცენტრის „მემორიალის“ ცნობილი და შეუპოვარი წევრი იყო. წლების განმავლობაში ის მსოფლიოს აცნობდა იმ სისასტიკეების, დარღვევების, სოფლების გადაწვის და წამების ფაქტების შესახებ, რომლებიც კრემლის მიერ კონტროლირებადი ძალოვნების  მიერ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ხდებოდა. 2009 წლის 15 ივლისს, ესტემიროვა გროზნოს ცენტრიდან უცნობმა ადამიანებმა გაიტაცეს. ჟურნალისტი ქალი რამდენიმე საათის შემდეგ, ინგუშეთის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. მისმა მკვლელობამ მთელს მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ნატალია ესტემიროვას მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

ეველინა კაკაბაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები