მარიამ ჯაში: ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო!

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან.

„ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა, დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააჟღერა. მისი ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს არ მიიღებს. გუდაუთის საავადმყოფო კი საკუთარი ძალებით რთულად თუ გაუმკლავდება ახალ ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებშიც შექმნა კრიზისი.

მინდა შეგახსენოთ, რომ სოხუმის დაცემის დღიდან ქართველ ექიმებს არ გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთში მოღვაწე კოლეგებთან.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ექსპერტული კოორდინაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ბავშვს ვაწვდიდით ტუბერკულოზის, დიფტერიის, პოლიომიელიტის, ტეტანუსის, წითელას და სხვა ინფექციების წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინებს.

მოგვიანებით, 2003 წლიდან აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ დებსა და ძმებს გლობალური ფონდის, გაეროს სააგენტოების (UNICEF, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, UNFPA), USAID, Save the Children, MSF და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიეწოდებოდათ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური საშუალებები და სამკურნალო პრეპარატები.

ხშირად, აფხაზეთიდან პაციენტები თბილისსაც სტუმრობდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სამკურნალოდ. ამ დაწესებულების საერთაშორისო რანგის ექსპერტიზა კი უკვე მთელი საქართველოსათვის არის ცნობილი.

2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების პარალელურად სულ უფრო მეტად ვცდილობდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისა და სამედიცინო კადრების მხარდაჭერას.

2014 წელს კი აშშ მთავრობისა და Gilead-ის მხარდაჭერით საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა დავიწყდეთ. 2017 წლიდან სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებიც მიმართავდნენ.

თითოეული ამ პროგრამის განხორციელებაში უშუალოდ იყვნენ ჩართული ჩვენი საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საპატივცემულო ქართველი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩემი კოლეგების სახელსა და გვარებს საგანგებოდ არ ვაკონკრეტებ.

ქართველი ექიმები საკუთარი რისკის ფასად საქართველოს ტერიტორიაზეც და ქვეყნის გარეთაც წლების მანძილზე ხვდებოდნენ აფხაზ კოლეგებს სასწავლო კურსებისა თუ სემინარების ფორმატებში და უზიარებდნენ კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უახლეს მიღწევებსა და ტექნოლოგიებს.

მედიკოსებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სოხუმსა თუ ცხინვალში არაერთხელ დაუდასტურებიათ, რომ სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის გზაზე უმნიშნელოვანესი მონაწილეები.

ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიაც ნათელი მაგალითია, თუ რამდენად დიდია ოკუპაციის დროს სახალხო დიპლომატიის პროცესში მედიკოსთა როლი.

დღეს, როდესაც მსოფლიო ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენ ოჯახებსა და მეგობრებს.

ჩვენი ფრაქციის სახელით აქვე მადლობას ვუხდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად არის ჩართული აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდ-სიტუაციის შეფასებასა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

რუსეთმა შესაძლოა უარი თქვას აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დახმარებაზე… მაგრამ ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მედიკოსები, როგორც ყოველთვის, სოხუმის, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და ანალოგიურად ცხინვალის რეგიონის გვერდით იდგებიან პროფესიონალიზმითა და კოლეგიალური თანადგომისათვის მუდმივი მზადყოფნით”, – ამბობს, მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები