საგზაო-სამშენებლო კომპანია “ცეკური” მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის – თანამშრომლებს ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ

საგზაო-სამშენებლო კომპანია “ცეკური” და მასთან დაკავშირებული კომპანიები ( “ხვამლი XXI“, AMB ჯგუფი, ,”აკვა” ცენტრი და ფიტნესი“), თანამშრომლების უსაფრთხოებისა და COVID-19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც კომპანიის ,,ცეკურის” დამფუძნებელი და დირექტორი ბექა ხაბულიანი აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიებში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები და, ხანგრძლივი სავალდებულო შვებულების მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ანაზღაურებაც.

კომპანია “ცეკური” ამჟამად აგრძელებს მხოლოდ აუცილებელი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას უკავშირდება.

„ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ისინი. გვჯერა, რომ მხოლოდ დროული რეაგირება შეუწყობს ხელს მდგომარეობის სწრაფად დასტაბილურებას.

ვიაზრებთ, დღეს რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის ჩართულობა მიმდინარე მოვლენებში, ვიაზრებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობასაც და იმას, თუ რა ეკონომიკური და სოციალური შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი თანამშრომელი.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს კომპანიებში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნოთ სამუშაო ადგილი და, ხანგრძლივი სავალდებულო შვებულების მიუხედავად, უზრუნველვყოთ შესაბამისი ანაზღაურებითაც.

თანამშრომლებს კი, რომლებსაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწორად ფუნქციონირებისთვის ამჟამად ობიექტზე ყოფნა უხდებათ, აღჭურვილნი არიან ჰიგიენისთვის აუცილებელი სადეზინფექციო საშუალებებითა და უსაფრთხო მუშაობისთვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით.

ამ კრიზისულ სიტუაციაში, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და არ დავივიწყოთ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა.

გვჯერა, რომ შეთანხმებული მოქმედებით, ყველა ერთად შევძლებთ პრობლემის დაძლევას, ეპიდემიის სწრაფად დამარცხებას და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასაც”, – აცხადებს კომპანია  “ცეკურის” დამფუძნებელი და დირექტორი ბექა ხაბულიანი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები