ლუკ კოფი: ევროკავშირის მიდგომა შავი ზღვის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ორგანიზაციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის წყაროდ იქცა
„ევროკავშირის მიდგომა შავი ზღვის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ორგანიზაციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის წყაროდ იქცა”, – ამის შესახებ „ჰერითაჯის” ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი, გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის გამოკვეთილ ყურადღებას ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს. პირველი – უსაფრთხოება და რუსეთის მიერ რეგიონის უკანონო ოკუპაცია და მეორე – „სამი ზღვის ინიციატივა”.
პირველ საკითხზე საუბრისას ლუკ კოფი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
„2008 წლიდან რუსეთს შავ ზღვის სანაპიროზე მყოფი საქართველოს აფხაზეთის რეგიონი აქვს უკანონოდ ოკუპირებული. 2014 წლიდან მან მოახდინა, ასევე, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელიც შავი ზღვის გულში მდებარეობს. ჯამში, რუსეთს დაახლოებით 13 000 კვადრატულ მილზე გადაჭიმული ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ეს კი მერილენდის შტატისოდენა სივრცეა. ყირიმის შემთხვევაში, რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ტერიტორიის ანექსია და მას რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს. რუსეთს 2008 წლიდან აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. იგივე მხოლოდ სირიამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ გააკეთა”, – წერს ლუკ კოფი.
„სამწუხაროდ, აფხაზეთისადმი არაღიარების პოლიტიკის გარდა, ევროკავშირი ბევრს ვერაფერს აკეთებს ადგილზე სიტუაციის შესაცვლელად. ყირიმის კრიზისის პასუხად ბრიუსელმა შეძლო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისთვის მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, თუმცა ეს პოზიცია ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში სანქციების მოხსნისკენ იხრება”, – ამბობს სტატიის ავტორი.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ლუკ კოფის თქმით, „სამი ზღვის ინიციატივა” 2016 წელს ჩამოყალიბდა და მისი მთავარი მიზანია ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის გაძლიერება და თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და პოლიტიკურ საკითხებზე.
„ინფრასტრუქტურულად, რეგიონი დასავლეთ ევროპას ჩამორჩება. ამასთანავე, ცივი ომის მემკვიდრეობა და საბჭოთა დომინაციის მქონე „ვარშავის პაქტი” გულისხმობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართულ ინფრასტრუქტურას, რაც ხელს უშლის უფრო მასშტაბურ რეგიონალურ ურთიერთდაკავშირებას. სწორედ ამიტომ არის „სამი ზღვის ინიციატივა” აქცენტირებული ჩრდილოეთ-სამხრეთის დაკავშირების განვითარებაზე, რაც მოიცავს მილსადენებს, სახმელეთო და სარკინიგზო გზებს, ელენერგიის გადამცემ ხაზებს. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორი გარემოებების არსებობისას, აღმოსავლეთ ევროპის ეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ევროპის ხერხემალიც კი გახდეს”, – წერს ლუკ კოფი.
მისი თქმით, „სამი ზღვის ინიციატივაში” ამჟამად მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან გაერთიანებულნი, თუმცა ეს, საბოლოო ჯამში, უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია „სამი ზღვის ინიციატივაში” ძლიერ მხარდამჭერად გვევლინება.
„წარმოუდგენელია, რომ ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ შეძლონ ურთიერთდაკავშირების გაუმჯობესება შავი ზღვის ისეთი მოსაზღვრე ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, როგორებიც საქართველო და უკრაინაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია შავ ზღვაზე გამავალი პროექტების განხილვისას. შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია ძლიერ მხარდამჭერად გვევლინება „სამი ზღვის ინიციატივაში”. 2017 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი აშშ პრეზიდენტი, რომელიც მის სხდომას დაესწრო. ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ამერიკა 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს სამი ზღვის საინვესტიციო ფონდისთვის.
ევროკავშირმა სწორედ ახლა უნდა გამოიჩინოს თავი. „სამი ზღვის ინიციატივის” ადრეულ პერიოდში ბრიუსელი ნაკლები ინიციატივიანობით ხასიათდებოდა ამ იდეის მიმართ, რადგან ევროკავშირი, ზოგადად, ეწინააღმდეგება კონტინენტზე რეგიონულ დაჯგუფებებს, რომლებიც მისი ინსტიტუციონალური ჩარჩო სისტემის გარეთ იმართება. თუმცა, ევროკავშირმა ახლახან მეტი მხარდაჭერა გამოიჩინა ინიციატივისადმი და ბრიუსელმა – აშშ ფინანსურ მონაწილეობას თუ არ გადააჭარბებს – ამერიკულის ტოლფასი შენატანი მაინც უნდა გაიღოს”, – წერს ლუკ კოფი.