ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სოფელ შამგონასთან სეპარატისტები უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სოფელ თაგილონში, საოკუპაციო ძალები საგუშაგოს აშენებენ.  ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივი ლაშა ბეჭვაიამ გაავრცელა, რაც “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპანტები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ, რასთან დაკავშირებითაც გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ადგილობრივი ლაშა ბეჭვაია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს.

„ჩემი ინფორმაციით უკვე 5 დღეა სამუშაოები მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზთან. სავარაუდოდ, ეს ხდება იმის გამო, რომ ხსნიან ახალ საგუშაგოს, რომელიც ადრე უნდა გაეხსნათ, მაგრამ მაშინ გარკვეული წინააღმდეგობების და გარკვეული სიტუაციების გამო, გადაიდო. არ გადმოდიან ჩვენს მხარეს, უბრალოდ მუშაობენ იქ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მე როგორც ვიცი, სოფელ თაგილონის მკვიდრებთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და როგორც მითხრეს, საგუშაგოს ამზადებენ”, – განმარტავს ბეჭვაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები