ეკა ბესელიას პარტია: კომუნალური გადასახადები უნდა გადავადდეს
“უნდა მოხდეს კომუნალური გადასახადების გადავადება და მიზნობრივი დახმარება მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თავმჯდომარეც დეპუტატი ეკა ბესელიაა.
პარტია განცხადებას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა გრძელვადიანი მოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ მოკლე დროში უნდა წარმოადგინოს.
„შექმნილი ვითარება და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვს ერთობლივ, სწრაფ, გააზრებულ და დროულ, ზოგჯერ მკაცრ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ამ რთულ ეტაპზე ვართ სოლიდარულნი, რათა სწორედ ერთობლივი მოქმედებებით დაიძლიოს ეს საფრთხე. პანდემიის მასშტაბი და დრო გაურკვეველია და, სწორედ ამიტომ, საჭიროა გრძელვადიანი მოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოკლე დროში უნდა წარმოადგინოს მთავრობამ. ამ გეგმაში უნდა იყოს გააზრებული რა ხედვა აქვს მთავრობას პანდემიის შესაძლო საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად და დასაძლევად. როგორ დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან გაუჭირდათ.
ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე დარჩა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, დაკარგეს სამსახურები, ბუნდოვანია მათი მომავალი და აქვთ ყოველდღიურად ოჯახის გამოკვების პრობლემა. სწორედ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის, პენსიონრებისთვის, შშმ პირთათვის საჭიეროა გამოიძებნოს ბიუჯეტში რესურსი და მათ გაეწიოთ პირველ რიგში დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭირო იქნება ბიუჯეტის კორექტირება, რათა გამოთავისუფლდეს ბევრი ისეთი ხარჯისგან, რაც არ არის სავალდებულო ამ ეტაპზე (წარმომამდგენლობითი, სამივლინებო და სხვა ხარჯები) და მიემართოს ის იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
„უნდა მოხდეს კომუნალური გადასახადების გადავადება და მიზნობრივი დახმარება მათთვის, ვისაც ამის საშუალება არა აქვს.
გასააზრებელია ფიზიკური თუ იურიდიული პირების დახმარება, ვისაც აქვს სესხი დოლარში.
მთავრობამ უნდა გადახედოს გადასახადების გადავადების და შემცირების საკითხს. ანტიკრიზისული გეგმა, რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს და ხელისუფლებამ არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად მიმართოს უპირველესად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ რთულ დროს დავეხმაროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს საქართველოში დამზადებული პირბადეებით, პირველადი სადეზინფექციო საშუალებებით თუ სწრაფი ტესტებით . გაჭირვების დროს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთიანობით უნდა დავძლიოთ ეს განსაცდელიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე