ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს
ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.არჩევნებს არ ცნობს.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა უზენაესი წარმომადგენლის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 22 მარტს საქართველოს რეგიონში აფხაზეთში ჩატარდა – ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ საკონსტიტუციო-სამართლებრივ ბაზას, რომლის ფარგლებშიც ისინი ჩატარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს.
განცხადება უკრაინის საგარეო უწყებაშიც გაკეთდა, რომელშიც აღინიშნა, რომ ოფიციალური კიევი ე.წ. არჩევნებს გმობს.
“უკრაინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს, რადგან ისინი აგრესორი-ქვეყნის კონტროლის ფარგლებში ტარდება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არც რაიმე სამართლებრივი საფუძველი გააჩნიათ. აღნიშნული ქმედება მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დაძაბვისკენ”,- ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ” ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო “არჩევნების” ორგანიზება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც მისი მხრიდან, სუვერენულ სახელმწიფოებში აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად”.
22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოიპოვა.