დავით ჩიხელიძე: OECD-ის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ მიმზიდველი ქვეყანაა

„OECD-ის ანგარიშის თანახმად, 12 კრიტერიუმიდან 9 კრიტერიუმში საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი  საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მორიგი აღიარებაა.

„გამოქვეყნდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიში – SME Policy Index – 2020, რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობასა და მის ეფექტიან აღსრულებას. რეიტინგში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, შეფასების 12 კრიტერიუმიდან ქულები 12-ვეში გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი კი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მორიგი აღიარებაა.

ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია” და სამოქმედო გეგმა, სწორედ აღნიშნული გეგმის ნაწილია საქართველოს წარმატება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აქვს მცირე ბიზნესის განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რომელსაც ის მიჰყვება და რომლის ეფექტიანობაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. სტრატეგია ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტს”, რომელშიც გათვალისწინებულია ევროკავშირის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით.

OECD-ის ანგარიშის თანახმად, 12 კრიტერიუმიდან 9 კრიტერიუმში საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ბიზნესის დაწყების/კეთების მიზნით მიმზიდველი ქვეყანაა.

პ.ს. ხშირად გვესმის პროგრამა „აწარმოე საქართველოში” კრიტიკა, რაც ყოვლად მიუღებელია, რადგან სწორედ „აწარმოე საქართველოში” გახდა მცირე ბიზნესის ერთგვარი ლოკომოტივი, მამოძრავებელი ძალა, რადგან სწორედ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მცირე ბიზნესის განვითარებას და ხელშეწყობას, აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით მოხდა 400-მდე მცირე ბიზნესის მხარდაჭერა/წამოწყება. ჯამურმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კი 750 მილიონ ლარს გადააჭარბა”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები