ნელი ხიზანიშვილი: კახეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

თელავის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრციდან მაღალი ტემპერატურის გამო ერთი პირი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ავრცელებს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქალს კორონავისრუსისთვის დამახასიათებლი სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა, ტესტი მაინც ჩაუტარდა.

რაც შეეხება სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებს – ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რეგიონის მასშტაბით 133 მოქალაქე იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“კახეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, დღითიდღე ვზრდით თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. რაც მეტი ადამიანი იქნება კონტროლის ქვეშ, მეტად იქნება კონტროლირებადი სიტუაცია”, – განმარტა ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მაშტაბით თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 249 პირი იმყოფება, მათგან საგარეჯოში-35, ლაგოდეხში-19, ყვარელში-16, გურჯაანში-32, სიღნაღში-12, თელავში-63, დედოფლისყაროში-30 და ახმეტის მუნიციპალიტეტში -42.

შეგახსენებთ, რომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. კარანტინის რეჟიმში 1592 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 261 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები