გიორგი ცაგარეიშვილი: ლუგარის მშენებლობა საერთაშორისო ვალდებულება იყო და არა – სააკაშვილის დამსახურება

0

ყოფილი დეპუტატი, გიორგი ცაგარეიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლუგარის ლაბორატორიის შექმნის ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ ცენტრის აშენება საერთაშორისო ვალდებულება იყო.

მისივე თქმით, ლაბორატორიის ისტორია 1997 წელს დაიწყო… პირველ დოკუმენტს კი ხელი ჯერ კიდევ 2002 წლის მაისში მოეწერა.

„ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითაც საქართველო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას შეუერთდა. ეს 1997 წელს იყო… მაშინ, ამგვარი დაწესებულების შექმნის იდეას საქართველოში პირველი საფუძველი ჩაეყარა, რაც შემდგომ განხორციელდა კიდეც. ამის გაგრძელება 2002 წელს იყო. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრების შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც 2003 წლის მაისის თვეში, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა. ამ შეთანხმებაში იდო უკვე კონკრეტული ზრახვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა მძლავრი ცენტრი, სადაც საქართველოდან ყველა ის საშუალება მოიყრიდა თავს, რომელიც მთელ ქვეყანაში გაბნეული იყო. დაწყებული ქობულეთიდან, დამთავრებული თბილისამდე. რამდენიმე ამგვარი მიკროენტი იყო, სადაც ინახებოდა შტამების რეაქტივები, მათ შორის, შავი ჭირის, მალარიისა და ა.შ. ყველაზე მძლავრი ცენტრი იყო დედაქალაქში – საქართველოს ე.წ. შავი ჭირის ცენტრი, რომელიც 1937 წელს შეიქმნა. ეს ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუცია გახლდათ, რომელიც ინფექციურ, გადამტან ავადობებზე მუშაობდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, შეიქმნა ძალიან დიდი საფრთხე იმის, რომ ეს შტამები გაბნეულიყო. ამით მესამე ქვეყნებს ესარგებლათ, რომლებიც ბინძური იარაღის დამზადებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამდნენ. აშშ-ში ეს საფრთხე იგრძნეს და დახმარების ხელი გამოგვიწოდეს. შტამების შენარჩუნება საქართველოში ამერიკელების უმთავრესი ამოცანა იყო,“ – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ამ პროექტში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა, მინიმუმადე იყო დაყვანილი

„პრალამენტში რატიფიცირების შემდეგ, ჩვენ უკვე მოგვეცა საშუალება, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად დაგვეწყო ფიქრი ცენტრის შექმნაზე. მშენებლობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყდა. მშენებლობას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა და დიდ ხანს გრძელდებოდა. ეს არის უნიკალური დაწესებულება მთელ რეგიონში. თავიდან 30 მილიონი დოლარით დაიწყო, შემდეგ დახმარება 350 მილიონამდე გაიზარდა. გაფორმებული შეთანხმებით ამერიკის მთავრობა თავის თავზე იღებდა ყველა ხარჯს ცამეტი წლის მანძილზე. საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ამ პროექტში მინიმუმადე იყო დაყვანილი. თუ არ ჩავთვლით უკვე საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ასრულებდნენ. ასე იყო მთელი 13 წლის განმავლობაში. 2018 წელს კი, ლუგარის ცენტრი მთელი თავისი აღჭურვილობით საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა, რომელსაც გაუჩნდა ვალდებულებები სრულად დაფინანსების. ასევე უზრუნველყოს ლაბორატორიის მუშაობა და იქ წარმოებული კვლევები. ეს ყველაფერი ამის ისტორიაა,“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

​„ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე ის ექიმები ზრუნავენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა მძლავრად „ჩარეცხა“, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. მათ შორის, ბატონი ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და სხვები. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით „ჩარეცხა“. სწორედ, ამ თაობას უთხრა, რომ ისინი უვარგისები არიან მომავალი თაობისთვის. ახლა, რა მოხდა? ისევ ამ ადამიანებს მივაკითხეთ გადასარჩენად. როცა ერთ-ერთ არხზე ლანძღავ იმ ექიმებს, რომელებიც სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, ამით ძირს უთხრი სახელმწიფოებრიობას. ეს ზღვარი ვერ დაინახეს ამ ადამიანებმა. ისე არიან შურით და ღვარძლით გონება დაბინდებულები. ოღონდ ამ ხელისუფლებას არაფერი გამოუვიდეს და ყველაფერი წყალსაც წაუღია,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გიორგი ცაგარეიშვილმა.

ეს (ლუგარის მშენებლობა) საერთაშორისო ვალდებულება იყო და არა სააკაშვილის დამსახურება

„ეს ყველაფერი ტყუილია. რა თქმა უნდა, ამის არავის აღარ უკვირს. ეს ადამიანი ყველა საშუალებას იყენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ეს არის უზნეობა. სააკაშვილი შემჩნეულია ამაში. ცდილობს ყველაფერი სათავისოდ მიიწეროს, რომ მან შექმნა ახალი ქართველი და ყველაფერი ამ ქვეყნაში. ისიც თქვა, 150 საავადმყოფო ავაშენეთო. ბოდვითი იდეები. ან კიდევ ღიმილიანი საქართველოს იდეა, ნახევარ ქვეყანას, ასაკოვან ხალხს წინასაარჩევნოდ კბილები, რომ ამოაცალა.

ის რომ ლაბორატორია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შენდებოდა ეს საერთაშორისო შეთანხმებაში იდო, რომელსაც პარლამენტმა ხელი 2003 წელს მოაწერა. ეს საერთაშორისო ვალდებულება იყო და არა სააკაშვილის დამსახურება. ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. რა თქმა უნდა, ის ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ ყველაფერი სააკაშვილის გაკეთებულია,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გიორგი ცაგარეიშვილმა.

წყარო :https://primetime.ge

კომენტარები

კომენტარი