გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ დარენ ბიტს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო ფულბრაიტის პროგრამას და მისი გაფართოების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ პროგრამა კარგ შესაძლებლობას ქმნის ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და შეძენილი ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
ხაზი გაესვა ქართული და ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამების მნიშვნელობას, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.