გიორგი სახოკია: შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული პასუხისმგებლობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ინტერნეტმაღაზია -lit.ge-ზე 2093 ელექტრონული წიგნი ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გიორგი სახოკია ესწრებოდა. მან ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მადლობა გადაუხადა. გიორგი სახოკიამ კერძო სექტორს მოუწოდა, თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის აქტიურ ღონისძიებებში.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან როგორც მხატვრულ, ასევე – სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო კერძო სექტორს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში“, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.

აღსანიშნავია, რომ არჩილ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი – www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ, უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები