საქართველოს იმ მოქალაქის კვლევის შედეგები, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, კვლავ დადებითია, თუმცა ვირუსული დატვირთვა შემცირებულია
საქართველოს 50 წლის მოქალაქის ტესტმა, რომელსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში პირველს დაუდასტურდა, 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ლაბორატორიის კვლევის შედეგების თანახმად, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია.
“ცენტრის მიერ მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია”, – განაცხადა ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, პირველია, ვისაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა, 26 თებერვალს კი ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.