ლენტეხის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი: მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ სიმშვიდეა
“გვაქვს გეგმური მომართვიანობა, ოჯახის ექიმები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ”, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის კლინიკის აღმასრულებელმა მენეჯერმა განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, ზამთრის პერიოდში რესპირატორული დაავადებების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და მიმართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი.
“გვაქვს გეგმური მომართვიანობა. ოჯახის ექიმები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შარშან უფრო მეტი იყო რესპირატორული დაავადებების აფეთქება. ღმერთმა დაიფაროს და, თუ კორონავირუსის შემთხვევასთან გვექნება საქმე, გვაქვს გადაგზავნის შესაძლებლობა, რათა შესაბამის ლაბორატორიაში მოხდეს იდენტიფიცირება“, – აცხადებს გრიგოლ ტურძელაძე.
მისივე თქმით, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან და სამინისტროდან პერიოდულად იღებენ ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს. აქვთ ბოქსირებული და ნახევრადბოქსირებული პალატები, რომლებიც მთავარი შენობიდან იზოლირებული შესასვლელებით გამოიყოფა. რეფერალურ საავადმყოფოს, ასევე, აქვს სპეცტანსაცმელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიაწოდა.