დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში შიმშილის გამო არცერთი ბავშვი იღუპება, თუმცა ბავშვთა სიღარიბე დღეს კიდევ რჩება პრობლემად
“ქვეყანაში შიმშილის გამო არცერთი ბავშვი იღუპება, თუმცა არასრულფასოვანი კვება და ბავშვთა სიღარიბე დღეს კიდევ რჩება პრობლემად”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადი ყურადღება დაეთმო ბავშვთა სიღარიბის შემცირების კუთხით ახალი პროექტის განხორციელების საკითხს, რომელიც სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამის ამოქმედებას უკავშირდება.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კომიტეტს “იუნისეფთან” მუშაობის მდიდარი ტრადიცია აქვს და ერთობლივად არაერთი პროგრამაც განახორციელეს, პერიოდულად კი ამ პროგრამების რევიზიასაც ახდენენ. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “იუნისეფის” მხრიდან აქამდე განხორციელებული პროექტები და ინიციატივები არის პოზიტიურად შეფასებული.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ერთი ის, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და ამის გამო წელიწადში 300 ბავშვი იღუპება. ეს არის ძველი მონაცემები – 2009-2011 წლების. დღეს ეს მონაცემები შეცვლილია. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში შიმშილის გამო არცერთი ბავშვი არ იღუპება, თუმცა არასრულფასოვანი კვება და ბავშვთა სიღარიბე დღეს კიდევ რჩება პრობლემად. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ – კიდევ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს იმისათვის, რომ სიღარიბის დაძლევის დინამიკა იყოს უფრო ეფექტური და ხელშესახები. ჩვენ დავაყენეთ საკითხი სკოლებში კვების შემოღების პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით რომ გაგვიწიონ მათ ტექნიკური დახმარება. მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნის სურვილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი კარგი საშუალება ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით, ისე რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პილოტური პროგრამა სწრაფად ამუშავდება რამდენიმე სკოლაში და შემდეგ, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.