​პრეზიდენტმა სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში სტუმრობისას სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის პრიორიტეტი რეგიონების მხარდაჭერა და საქართველოს რეგიონებში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კი პრეზიდენტმა კულტურის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დააყენა. სწორედ ამ პრიორიტეტების ფარგლებში, პრეზიდენტი სენაკის თეატრის რეაბილიტაციით დაინტერესდა.
პრეზიდენტმა დაათვალიერა ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული პირველადი აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალურ მხატვრობას, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რეაბილიტაციის სრული პროცესის დასრულების შემდეგ, თეატრი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.
თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ დააპროექტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები