რუსთავში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება
რუსთავში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე, ე. წ. ბაზრობებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
გვიან ღამით მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფენიქსისა’’ და მე-12 მიკრორაიონში, ე.წ. ,,სტამბოლის ბაზრის’’ მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები: ბესიკ ტოგონიძე, გოჩა ლორია და “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ” ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი ესწრებოდნენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სხვა საჯარო სივრცეებს, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.