ახალციხეში, კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პრევენციული ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება საჯარო სკოლების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯის შენობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, ახალციხის ციხისა და ტბის ტერიტორიები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება საბავშვო ბაღებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს – პარკებს, სკვერებს, ახალციხის ციხისა და ხელოვნური ტბის ტერიტორიებს. სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ უწევენ.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.