მამუკა მდინარაძე: საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას რამდენიმე დღეში წერილობითი სახით წარედგინება

“რამდენიმე დღეში, დაწერილი სახით, საკანონმდებლო ინიციატივით კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე.წ. 40 %-იანი პრინციპი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, შეთანხმება ორ მხარეზეა დამოკიდებული და მმართველმა გუნდმა პასუხისმგებლობა გაითავისა – შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

“რამდენიმე დღეში, დაწერილი სახით, უკვე საკანონმდებლო ინიციატივით კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე.წ. 40 %-იანი პრინციპი. პრინციპი, რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვებული სუბიექტი, რომელიც მოიპოვებს 40- %-ზე ნაკლებს, ვერცერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს, დააკომპლექტოს მთავრობა, ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ, იმ შემთხვევაში, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით წარედგინება საზოგადოებას სულ რაღაც 3-4 დღეში, მივიღებდით, „ქართული ოცნება” იმავე შედეგს მანდატებთან მიმართებით, რაც ხუთპროცენტიანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში პროპორციული არჩევნების დროს. არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ჩამკეტი, რომელზეც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, გულისხმობს ამას – ვერცერთი მანდატით მეტი ვიდრე, ეს შესაძლებლობა არსებობს პროპორციულ სისტემაში ხუთპროცენტიანი ბარიერით. თუ საუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რამდენ პროცენტიან ბარიერსაც ისინი ამ შეთანხმების საფუძველზე მოისურვებენ, იმაზე მივყვებით და ამასაც ავსახავთ შესაბამის პროექტში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები