„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს და  შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპანიასთან ინდივიდური შეთანხმებები ურთიერთშეჯერებული და სამართლიანი პირობებით გააფორმონ.

“ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთები, გამოძიების დაწყების თხოვნით, სამართალდამცავ სტრუქტურებს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გადაუგზავნა.

როგორც 2019 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს შვიდი პირი, ხოლო სოფელ შუქრუთში, იმავე ქმედების გამო, 2020 წლის 27 თებერვალს კიდევ ორი პირი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ჭიათურის სოფელ შუქრუთში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების უბნის „დევიძეების 1-ის“ ზედაპირზე, სადაც მანამდე არანაირი კერძო საკუთრება არ ფიქსირდებოდა, მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს და კომპანიას კომპენსაციები მოსთხოვეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დანაშაულის შემცველი მონაცემები გამოძიებას ჭიათურის სხვა სოფლების მიწის ნაკვეთებზეც გადაუგზავნა – პერევისაში, დარკვეთსა და სხვა ტერიტორიებზე. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ერთდროულად ორი უწყება აწარმოებს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაქსიმალურად ცდილობს, მანგანუმის მოპოვება დაუსახლებელ სალიცენზიო ტერიტორიაზე წარმართოს, რათა მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა, როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდა, პირთა ჯგუფი სამუშაოთა არეალში ზიანს ხელოვნურად ქმნის: სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს გაყალბებით ირეგისტრირებს და შემდეგ კომპენსაციის გამოძალვას იწყებს.
ამ დანაშაულებრივი სქემის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი კითხვაც – ხომ არ უშლის დანაშაულებრივი ჯგუფი შუქრუთის მოსახლეობასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმებას ზიანის კომპენსირებაზე, რადგან არსებობს „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ შეთავაზებული სამართლიანი კომპენსირების სქემა, შეთანხმების მიღწევა კი მაინც ვერ ხერხდება და მეორე კვირაა, გადაკეტილი რჩება კომპანიის მაღაროები.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს შუქრუთის მოსახლეობას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპანიასთან ინდივიდური შეთანხმებები ურთიერთშეჯერებული და სამართლიანი პირობებით გააფორმოს, რომელთაც კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით: 1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას; 2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს; 3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს; 4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით; 5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდური შეთანხმებები”, – ნათქვამია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები