რუსუდან თევზაძე: სასურველია სასწავლო პროცესის შეჩერება მცირე ვადით მაინც, ეს იქნება პრევენციული ღონისძიება

“სასურველია სასწავლო პროცესის შეჩერება მცირე ვადით მაინც, ვინაიდან საფუძვლიანად მოხდეს ბაღების, სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობა-ნაგებობების დეზინფექცია-დასუფთავება”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ კორონა ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ პრევენციული ღონისძიება იქნება და პანიკას არ გამოიწვევს.

“როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ზოგადად, განათლების საკითხებზე მომუშავე ადამიანი ვფიქრობ, რომ ვირუსთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ცხადია, ისიც ძალიან კარგად მესმის და ვიცი, რომ უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური მედეგობა, თუმცა სწავლის შეჩერება ვერ და არ გამოიწვევს პანიკას, ის ხომ მხოლოდ პრევენციული ღონისძიებაა და სხვა არაფერი, მით უფრო, როცა ოფიციალური მხარე ოფიციალური რეკომენდაციით მოგვიწოდებს, რომ თავი ავარიდოთ საჯარო თავშეყრის ადგილებს და დახურულ სივრცეებს.
ისმის კითხვა, და რა ჰქვია სასწავლო დაწესებულებებს თუ არა საჯარო, სადაც უბრალოდ რაც არ უნდა მკაფიო რეკომენდაციები გავცეთ, პრაქტიკულად შეუძლებელია მოზარდებისა თუ ზრდასრულების ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური კონტროლი და დაცვა.
ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ჩარჩო-პროგრამები, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, და სრულიად დასაშვები და შესაძლებელია, სახელმწიფომ ინდივიდუალურად, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველა ტიპის საგანმანათლებლო ობიექტი არის ზედმეტად სენსიტიური და მოწყვლადი ამგვარი რისკების მიმართ და სასურველია რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა ანუ სწავლის შეჩერება ის ხომ ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია”, – აღნიშნა რუსუდან თვზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები