ნინო წილოსანი: მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა
“თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული ცვლილებები იმ დიდი და მნიშვნელოვანი საკანონდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მერიის ინიციატივით პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი თბილისის მერის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
ნინო წილოსანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა და რომელიც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ავტობუსების ავტოპარკის შეცვლა.
“დღეს კი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორადი საბურავების, აალებადი და ფეთქებადი მასალის შენახვისა და რეალიზაციის წესის დარეგულირებაზე იწყებს მუშაობას. თავისთავად ცხადია, რომ აალებადი და საშიში მასალა საცხოვრებელ სახლებსა და რეკრეაციულ ზონებში არ უნდა საწყობდებოდეს. ამისთვის სპეციალური ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და რეგლამენტირებული. სწორედ ამ საკითხს დაარეგულირებს თბილისის საკრებულო 2021 წლიდან, რაც თავის მხრივ, მიმართული იქნება ადამიანების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისკენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.