ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN წარმომადგენლებთან მარიკო წიქორიძესთან, ვახო ქოჩორაძესა და ლევან გაგოშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მენეჯერი გია ყიფიანიც  ესწრებოდა, მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის დეტალები განიხილეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის დაფინანსებით, სოფელ ნახიდურში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნება. სოფელ რაჭისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება საქლორატორო ნაგებობა, რის შემდეგაც რეზერვუარი რაჭისუბნის გარდა, კიდევ ორ სოფელს მწყნეთსა და მუხრანას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, ასევე, სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის საფილტრი აპარატის დამონტაჟებაც იგეგმება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები